ეროვნული პლატფორმა: შეწყდეს დასავლური სვლის საბოტაჟი და ოცნებამ ისევ უკან გაიწვიოს პროექტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია ე.წ. რუსულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მიღება საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი, დაასამარებს.

როგორც 200 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქართულმა ოცნებამ საზოგადოების წინაშე დადებული პირობა გატეხა და რუსული კანონი დააბრუნა.

ორგანიზაციები მოითხოვენ, "შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი და ქართულმა ოცნებამ ისევ უკან გაიწვიოს კანონპროექტი". პლატფორმა განცხადებით ქვეყნი პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

მაგრამ დღეს ქართული ოცნების მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიციირებული კანონპროექტი.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.