ელჩი საარჩევნო კოდექსზე: ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არაა გათვალისწინებული

"სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული", - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ შეკითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხებოდა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება.

ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს საუბარი ევროკომისიასა და საქართველოს შორის არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ეს არის არსებითი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ერთ-ერთია 9 საფეხურს შორის. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს ვენეციის კომისია. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, გაევლოთ ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაცია ვენეციის კომისიასთან, ვენეციის კომისიამ მკაფიო რეკომენდაცია გასცა - კანონი ითვალისწინებს ბევრ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული", - თქვა ელჩმა.

25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

***

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

რას გულისხმობს ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილება - სრულად