დარჩიაშვილი უარყოფს, რომ მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უარყოფს, რომ ქართველები მექსიკაში ტყვეებად აიყვანეს და მედიას "სიცრუის ტირაჟირებაში" ადანაშაულებს.

დარჩიაშვილის თქმით, "გატაცებული არავინაა" და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.

"ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გქონეთ, გეყოთ იმის ძალა, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის უნარი, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. გატაცების შესახებ არ საუბრობს არავინ თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ. ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს.

არავინ არ არის გატაცებული. თუ კი რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგძელებთ მომავალშიც და მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი", - აცხადებს დარჩიაშვილი.

16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს და ადამიანები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი ჰყავს მძევლად აყვანილი.

იმავე დღეს გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.