ბელგოროდიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა - სასაზღვრო რეგიონებში აფეთქებებია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო ძალებმა ბელგოროდის ოლქში 7 რაკეტა ჩამოაგდო.

გლადკოვის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები რეგიონის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და შეტაკებები ოლქის საზღვრებს გარეთ ხდება. გუბერნატორი ამბობს, რომ ბელგოროდის რეგიონის საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რაიონებიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, დივერსიული ჯგუფები უკრაინიდან რეგიონში შეღწევას ცდილობენ.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამთენიას ქალაქზე იერიში განხორციელდა. ისმოდა საჰაერო განგაშიც. გავრცლებულ ფოტო და ვიდეო მასალებში ჩანს რამდენიმე მანქანა, რომელიც იწვის. იყო აფეთქებების ხმაც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, დივერსიული ჯგუფები რუსეთის ორ სასაზღვრო რეგიონში - ბელგოროდსა და კურსკში მოქმედებენ.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ძალები ბელგოროდის რაიონიდან ევაკუაციას ბლოკავს.