"არც განიხილება" - კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან თოფურიას დაჯილდოებაზე არ მივლენ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს არ მივლენ ორბელიანების სასახლეში დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს.

წარდგინებით სალომე ზურაბიშვილს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართეს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტი დაჯილდოებაზე წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

კობახიძე ამბობს, რომ ღონისძიებაზე "დაპატიჟებულები არც არიან", თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა როგორც ირაკლი კობახიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღონისძიებაზე დაპატიჟა.

"დღეს სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა, მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის კვოტის ხარჯზე მან შეინარჩუნა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად ეს თანამდებობა. ამას თავი დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე.

იმისათვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ, მე და შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი წარდგინებით. ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება შესაბამისი დაფასება.

ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.