"არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული იდეა არ გაუჟღერებია" - ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე

დროას მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ ქართული წარმომავლობის რუს ბიზნესმენს დავით ხიდაშელს მასთან შეხვედრაზე "არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული და მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გაუჟღერებია".

ცოტა ხნის წინ პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.

ეს ინფორმაცია ვოლსკიმ ნაწილობრივ დაადასტურა და თქვა, რომ თავად ხიდაშელსაც კარგად ესმის, რომ დღევანდელ ვითარებაში საერთაშორისო მონაწილეობით რუსეთთან მოლაპარაკება "პრაქტიკულად შეუძლებელი და გამორიცხულია".

"დავით ხიდაშელმა დამირეკა, მე მას არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვსო აფხაზეთთან დაკავშირებით. რომ გავრცელდა ეს ვიდეო, პირველი რაც მინდა ვთქვა, ვერ მივხვდი ეს ტაშ-ფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა კი საუბრობდა კაფეში, მიმტანსაც ესმოდა და ყველა მაგიდასთან მჯდომ ადამიანს. მერე მივხვდი, რომ დროას ხალხია თურმე, რომელსაც თურმე ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და მე მგონი, ეს სიხარული და ტაშ-ფანდური იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელთან მოხდა შეხვედრა. თუმცა დავით ხიდაშელს, გულახდილად, აშკარად გეუბნებით - არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, მითუმეტეს არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გაუჟღერებია.

საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს ნაცმოძრაობის პერიოდში იყო რუსეთთან და შვეიცარიასთან შეთანხმება დადებული, მათ შორის საქართველომ მისცა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს, იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2011 წელს ნაცმოძრაობამ გააფორმა რუსეთთან. მაგრამ, მართალი გითხრათ, ჩემი დიდი პოზიცია არ დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის, რომ დღევანდელ ვითარებაში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მითუმეტეს რუსეთთან პრაქტიკულად შეუძლებელი კი არა, გამორიცხულია. ამას პერსპექტივა არ გააჩნია და თვითონაც კარგად ესმის", - ამბობს გია ვოლსკი.

პარტია დროა აქვეყნებს ნაწყვეტს რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

"1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;

2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;

3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;

4. "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;

5. "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

6. “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;

7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;

8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.