
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს დედაქალაქში ცხრა სპეციალური ავტობუსის მარშრუტი დაინიშნება, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სასაფლაოს მიმართულებით იმუშავებს. მგზავრებს ავტობუსები მოემსახურებიან 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოებისკენ.
დამატებითი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების — „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ მიმდებარე ტერიტორიებიდან, ასევე სადგურის მოედნიდან, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივის მიმდებარე ქუჩებიდან.
აღნიშნულ დღეებში მგზავრობა უფასოა.
აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა კომფორტისთვის, თბილისის მეტრო მუშაობას 20 აპრილის 04:00 საათამდე გააგრძელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით სარგებლობა ასევე უფასო იქნება.
ამ პერიოდში მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს.