ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანში ჰეზბოლას არაერთ ობიექტს დაარტყეს. ამის შესახებ IDF სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ შეტევები ბოლო რამდენიმე საათში განახორციელეს.
გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი დაიწყო - მან ოფიციალური შეხვედრების დროს ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია, ომი არ გავრცელდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. კატარის შემდეგ ის ისრაელშიც მიემგზავრება და თელ-ავივში მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
მანამდე ისრაელის მთავრობის წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც შეხვდნენ - აშშ აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა მუდმივად იყვნენ კონტაქტში.
ბლინკენის ვიზიტი დროში ემთხვევა ბოლო პერიოდში ლიბანიდან ჰეზბოლას მიერ ისრაელზე განხორციელებულ გახშირებულ თავდასხმებს - ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ წინა ღამით ჰეზბოლას სარაკეტო იერიშმა ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული ბაზა დააზიანა.
ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა, ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.
20 ოქტომბერს ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო და თქვა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა.