ICC-მა ნეთანიაჰუს, გალანტისა და ჰამასის მეთაურის დაკავების ორდერები გასცა

ICC-მა ნეთანიაჰუს, გალანტისა და ჰამასის მეთაურის დაკავების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერმინისტრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ჰამასის სამხედრო მეთაურის მიმართ დაკავების ორდერები გასცა.

ჰააგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასასამართლო პალატამ ისრაელის საჩივარი უარყო და ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ორდერი ასევე გაცემულია მოჰამედ დეიფის მიმართ, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმის დროს მოკლეს.

მოსამართლეების მოსაზრებით, არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ სამივე პირს ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისრაელიც და ჰამასიც ბრალდებებს უარყოფენ.

მაისში ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ნეთანიაჰუს, გალატის, დეიფისა და ჰამასის კიდევ ორი ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარის დაკავების ორდერები მოითხოვა, თუმცა მას შემდეგ ეს უკანასკნელი მოკლეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დეიფის სიკვდილზე გაავრცელა ინფორმაცია, პალატამ განაცხადა, რომ მისი სიკვდილი ვერ დაადასტურეს.

ჰააგის სასამართლოს პროკურატურის საქმე ეხება 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთს დაესხნენ თავს, რა დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.

ისრაელმა საპასუხოდ სამხედრო კამპანია წამოიწყო და ჰამასის ლიკვიდაციის პირობა დადო. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ კამპანიის ფარგლებში ტერიტორიაზე 44 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

პროკურორი ხანი ჰამასის ლიდერებს ადანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, გაუპატიურება და წამება. რაც შეეხება ისრაელელ ლიდერებს, ბრალდებები მოიცავს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს და შიმშილის, როგორც ომის იარაღის გამოყენებას, ასევე განადგურებას და მკვლელობას.

ისრაელი და არც მისი მთავარი მოკავშირე აშშ რომის სტატუტის ხელმომწერები არ არიან.

ისრაელმა ჰააგის სასამართლოში რამდენიმე საჩივარი შეიტანა. პირველ საჩივარში ისრაელი ასაჩივრებდა სასამართლოს იურისდიქციას პალესტინურ ტერიტორიებზე და კერძოდ ისრაელის მოქალაქეებზე. მეორეში - მოითხოვდა, რომ სასამართლოს გამოძიების დაწყების შესახებ ახალი ცნობა გაეგზავნა ისრაელის ხელისუფლებისთვის სტატუსის, მე-18 მუხლის შესაბამისად. ისრაელი ასევე მოითხოვდა ყველა სამართალწარმოება შეეწყვიტა. სასამართლომ ისრაელის საჩივრები არ დააკმაყოფილა.