ICC-ის განცხადებით, მონღოლეთმა რომის სტატუსი დაარღვია, როდესაც პუტინის დაკავებაზე უარი თქვა

ICC-ის განცხადებით, მონღოლეთმა რომის სტატუსი დაარღვია, როდესაც პუტინის დაკავებაზე უარი თქვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მონღოლეთმა რომის სტატუტი დაარღვია, როდესაც უარი თქვა თავის ტერიტორიაზე დაეკავებინა ვლადიმირ პუტინი, რომლის მიმართაც დაკავების საერთაშორისო ორდერი მოქმედებს.

განცხადების თანახმად, სასამართლოსთან თანამშრომლობაზე მონღოლეთის უარის სერიოზულობის გათვალისწინებით, აღნიშნულზე შეფასებას ICC-ის წევრი სახელმწიფოების ასამბლეა მისცემს.

"წევრი სახელმწიფოები და სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას, ვალდებულნი არიან დააკავონ და გადასცეს პირი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერია გაცემული, მიუხედავად მათი თანამდებობისა თუ მოქალაქეობისა", - ვკითხულობთ ICC-ის განცხადებაში.

როგორც ICC აღნიშნავს, მონღოლეთმა ხელი შეუშალა სასამართლოს "თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაში".

ვლადიმირ პუტინი მონღოლეთს 2024 წლის 2-3 სექტემბერს ეწვია. პუტინი პირველად ჩავიდა ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. მონღოლეთმა უარი თქვა პუტინის დაკავებაზე და განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას იცავს და მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკულადაა დამოკიდებული.