BBC: რუსული კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება ავტორიტარულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს

BBC: რუსული კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება ავტორიტარულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს

BBC საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ოცნების მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღაზე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსული კანონის მიღებით, "საქართველო შეუერთდება არადემოკრატიულ და ავტორიტარულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, როგორებიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს".

"საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე ღამეა პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. ადამიანები აღშფოთებულები არიან რუსული სტილის საკამათო კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო და მედია ჯგუფებს უცხოურ აგენტებად გამოაცხადებს, თუ ისინი თავიანთი შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან მიიღებენ", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ, რომელმაც მიმართა ევროკავშირს კანდიდატის სტატუსისთვის და რომელიც მიზნად ისახავს NATO-ში გაწევრიანებას, მიიღო გაფრთხილება EU-ის უმაღლესი წარმომადგენლისგან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელისგან, რომ ეს კანონი "შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან".

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული პროტესტის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.

"საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რასაც ბევრი ქართველი მოსკოვის აგრესიულ ომად აფასებს, თუმცა, მთავრობამ დაიკავა ნეიტრალური პოზიცია და უარს აცხადებს გამოაცხადოს ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაუწესოს სანქციები რუსეთს", - ნათქვამია სტატიაში.

***

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

8 მარტის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.