3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩისნკის შეხვდნენ. EU-ის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო
შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ელჩს საკუთარი გეგმები გააცნო და ასევე, აღნიშნა, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
"არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი, პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს, რამდენად შესრულდა ეს რეკომენდაცია ამ არჩევნებზე. ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად. ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება. [...] შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული, ასევე ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავგზავნით", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას თქმით, საუბარი იყო არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, სადაც მისი თქმით, წამყვანი როლი უნდა ითამაშოს ევროკავშირმა.
"ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისსავე დანაშაულს, ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება, სადაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველო გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა საქართველოსთვის, დაუწესოს თუ არა ივანიშვილს და მის გარემოცვას პერსონალური ფინანსური სანქციები, ყველა გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს არჩევნებზე მიღებულ ინფორმაციას", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებათ არჩევნების გაყალბებაზე არსებული მტკიცებულებების სახით. ის ამბობს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ანგარიშს გადაგზავნის, რომელიც უკვე მზად აქვთ.
"უნდა გვესმოდეს, რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური განხილვა ევროკავშირში იმ ვითარების, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა მიტაცებული ქართული ოცნების მიერ. ეს განხილვა არის მუდმივი, ჩვენ ვნახეთ 3 ქვეყნის ლიდერის უმნიშვნელოვანესი განცხადება, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან განხილვებს უახლოეს კვირაში. მნიშვნელოვანია, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ეს დაიწერება. ანგარიში მზად არის, ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გადაეცემა, რომ მან ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.